ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

თარიღი: 2021-09-30 სამართალი

2021 წლის 28 ივნისს, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელშიც ასევე აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებებიც.

ცვლილებები მდგომარეობს შემდეგში:

• ზემდგომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარსადგენად ჩამოყალიბდება უფლებამოსილი პირების სპეციალური ბაზა და საჩივრის წარდგენა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი; ასევე, გაიზარდა გასაჩივრების და საჩივრების/სარჩელების განხილვის გარკვეული ვადები.

• სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ის ყველა საჯარო მოსამსახურეს შეეხება, აგრეთვე ის გავრცელდა სკოლამდელ და ზოგად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზეც.

• სამივე დონეზე ( ა) ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), ბ) საოლქო საარჩევნო კომისიები და გ) საუბნო საარჩევნო კომისიები)საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი შედარებით უფრო სამართლიანი გახდა. გაიზარდა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და თითო პარტია მხოლოდ ერთ წევრს დანიშნავს. ცესკოს პროფესიული წევრების სრული ვადით (5 წლით) არჩევას უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, დასჭირდება პარლამენტის ⅔-ის თანხმობა.

• მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას შემცირდა საარჩევნო ბარიერი და გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი, შესაბამისად, ცვლილებები უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში უფრო პროპორციულ ასახვას; საკრებულოს მაჟორიტარად პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო გახდა ამომრჩევლის მინიმუმ 40%-ის მხარდაჭერის მოპოვება.

• აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა კენჭისყრის დღის შემდგომ დღეებში; საოლქო საარჩევნო კომისიას აეკრძალა ოქმში შესწორების შეტანა ბიულეტენების გადათვლის გარეშე; სავალდებულო წესით კომისიები გადაითვლიან საარჩევნო უბნების 10%-ს.

www.000webhost.com