საქართველოს კანონი მოხალისეობის შესახებ

თარიღი: 2021-12-24 სამართალი

      2015  წლის 24 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი მოხალისეობის შესახებ. ამ კანონის მიღებამ 2015 წლიდან ერთგვარად დანერგა ქართულ რეალობაში, როგორც მოხალისეობის დეფინიცია, ასევე ხელი შეუწყო მოხალისეობრივი საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას, რამაც  დაარეგულირა მოხალისეობრივი ურთიერთობები და მათ ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა.

 კანონის ძალაში შესვლით ოფიციალურად განისაზღვრა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც მიიჩნეოდა მოხალისეობრივ საქმიანობად(ადამიანის უფლებათა დაცვა, გენდერული საკითხები, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარება; განათლება, სიღარიბის დაძლევა; სპორტი; ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხები; გარემოს დაცვა, ცხოველთა უფლებების დაცვა და სხვ.)

    მოხალისეობის კანონის მიღებამ მოხალისეებს გაუჩინა ერთგვარი გარანტიები სახელმწიფო დონეზე, კერძოდ: 2018 წლის ივნისში ცვლილებები შევიდა „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობა გავიდა ამ კანონის რეგულირებიდან და იგი მოექცა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს კანონმდებლობის რეგულირების სფეროში. კერძოდ, 2018 წლის ივნისში მიღებულ იქნა ახალი კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ (27/06/2018. N2608-IIს). ამ კანონმა განსხვავებულად და სპეციფიკურად დაარეგულირა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობის განხორციელების ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ამ მიმართულებით მაკოორდინირებელი ფუნქციის მატარებელი სახელმწიფო ინსტიტუცია და მისი უფლებამოსილებები, მოხალისის ასაკი, მოხალისეთა ეროვნული სიის წარმოების წესები, მოხალისეობის ორგანიზების წესები და სხვა.

     გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმარტებით მოხალისეობა არის საკუთარი ნების საფუძველზე განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა, რომლის მთავარ მიზანს არ წარმოადგენს ფულადი ჯილდოს მიღება. საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მოხალისეობა არის კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ამ ორი განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა თანხვედრაშია გაეროს განმარტებასთან.

 

www.000webhost.com